საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანის საკითხის რეფერენდუმზე გატანას ითხოვს. ამის შესახებ არლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"სადაც არის ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება, ის არის ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი, ამიტომ გადაწყვეტილება - საქართველოს დედაქალაქი თბილისი იქნება თუ ბათუმი - ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს და არა ბატონმა პავლემ, პეტრემ, ნუგზარმა ან მე", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწვეტილება დიდი ხანია ქართველ ხალხს მიღებული აქვს, მაგრამ თუ მმართველ ძალას სურს, საკითხი საზოგადების პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენოს, ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად.
"რეფერენდუმზე გავიტანოთ და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი უნდა იყოს თბილისი თუ სხვა ქალაქი. ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რაიმე პოლიტიკურ ლოგიკას რომ მივდევდეთ და არ ვდემაგოგობდეთ. დემაგოგიის "ბრწყინვალე" მაგალითები დღეს უმრავლესობის ტრიბუნიდან მივიღეთ, რომლებიც მთელ საქართველოს ლექციას უკითხავდნენ, როგორ უჭერენ მხარს რეგიონალიზმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას", - აღნიშნა დეპუტატმა.