საპარლამენტო უმრავლესობა "ქრისტიან-დემოკრატ" ლევან ვეფხვაძეს ხანგრძლივი დროით ყარაჯალის სასაკლაოში "მონიტორინგის ხელმძღვანელად" დანიშვნას სთავაზობს. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სასაკლაოების შესახებ წარმოშობილი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
"ასეთი პოლიტიკურ ვნებათაღელვის გამოწვევა ამ საკითხზე და ასეთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის მიმართვა არა მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალს ღირსებას ან პატივს სძენდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ყარაჯალის სასაკლაოზე მონიტორინგის მისიის შექმნა და მის სათავეში ლევან ვეფხვაძის ჩაყენება კარგი იდეაა.
"მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოკლე ვიზიტი. მოდით, ეს იყოს გრძელვადიანი მივლინება, რომელიც ყარაჯალის სასაკლაოს ძალიან წაადგება და არა მგონია საქართველოს პარლამენტმა თქვენი არყოფნით ტრაგიკული შედეგები მიიღოს", - მიმართა ვეფხვაძეს წიკლაურმა.
უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მოუწოდა, "მედგარი გმირების" როლში ნუ გამოდიან და საკითხს ისე ნუ წარმოაჩენენ, რომ ეს მხოლოდ მათ ადარდებთ და სხვას საზოგადოების ინტერესების არ აინტერესებს.
"ეს თემა ჩვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თქვენთვის", - მიმართა "ქრისტიან-დემოკრატებს"წიკლაურმა.