1-ლი ივლისიდან ბათუმში პარკირების საფასური ამოქმედდება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულომ პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისთვის შემდეგი საფასური განსაზღვრა: 7 დღე - 4 ლარი .30 დღე - 10 ლარი,182 დღე - 20 ლარი, 365 - დღე 40 ლარი.
საკრებულოს მიერ ასევე განისაზღვრა თანხა, ბათუმის ტერიტორიაზე ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისთვის: 30 დღე - 20 ლარი. ახალი დადგენილებით, ტაქსებისთვის სპეციალური პარკირების ადგილები გამოიყოფა.
დადგენილება 2011 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. პარკირების საფასურის ამოღებას კი შპს „ბათუმის პარკინგი" განახორციელებს.
დღესვე დადგინდა, რომ სანებართვო მოსაკრებლის გაანგარიშება თითოეული მშენებლობისთვის ინდივიდუალურად მოხდება. ტარიფები პერიფერიული და ცენტრალური ზონებისთვის განსხვავებული იქნება და ის კვადრატულ მეტრზე 80 თეთრიდან 1ლარის ფარგლებში მერყეობს.
16-18 ივლისს ბათუმი როკფესტივალს უმასპინძლებს, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო.
დღესვე საკრებულომ ბათუმში არსებულ ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის ცოტნე დადიანის, სერგო ქავთარაძის ქუჩისთვის მარკოზ აჭარელის ხოლო, დესპინე შაფათავას ქუჩისთვის ივანე ანდრონიკაშვილის სახელწოდების მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი დაამტკიცა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით მალე ბათუმში ი.აბაშიძის N2-ში, ცნობილი ექიმ-გინეკოლოგის ჟალე ჭიჭინაძის მემორიალური დაფა განთავსდება.