საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის მხრიდან სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის ახალი შესაძლებლობების გაჩენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"ჩვენ ვდგავართ იმ ზღვარზე, რომ თუ გაგრძელდება რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების მოწყობა, ადამიანების მასობრივი გატაცებები, შეიძლება დავდგეთ სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის ახალ შესაძლებლობასთან, რაც წარმოუდგენელი ტრაგიზმით დასრულდება კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისთვის", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, რუსული მხარის ქმედებები უკვე აღარ არის იზოლირებული ინციდენტი, როგორც არის ადამიანების გატაცება კონფლიქტის ზონაში, თავდასხმები, ტერორისტული აქტები, ეს არის სისტემური მიდგომა საკითხის მიმართ.
"რუსეთის მიზანია სრული დომინაცია როგორც სამხედრო, ისე ეთნიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით ამ რეგიონებში", - აღნიშნა დეპუტატმა.
უმრავლესობის წევრმა ყველას მოუწოდა, კონფლიქტის ზონებში არსებულ სასტიკ რეალობას თვალი გაუსწორონ და მიმართონ იმ სახელმწიფოებს, რომელთათვისაც "გადატვირთვა რუსეთთან არ უნდა იქცეს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის თემის დამწვრობის საბაბად და მიზეზად".
დეპუტატმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ძალისხმევა გააძლიერონ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლა მოხერხდეს.
"არ უნდა დაუშვათ, რომ რეგიონი საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე დარჩენის, რადგან ეს ნიშნავს პირდაპირ ტერორიზმის გავრცელების საფრთხეს, ასევე ადამიანთა უფლების შელახვის ახალი შესაძლებლობების წარმოშობას", - მიაჩნია წიკლაურს.