ქუთაისში პარლამენტის გადატანა საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციას გამოიწვევს. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის განხილვისას განაცხადა.
"ჯერ მიიღეთ გადაწყვეტილება და ბორბლებზე გინდოდათ პარლამენტის დაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაგცინოდათ, მანც ამტკიცებდით, რომ ორ ქალაქში შესაძლებელი იყო პარლამენტი ყოფილიყო, მერე მიხვდით და ახლა მარტო ქუთაისში იქნებაო - ამბობთ. მაინტერესებს, რა ჯდება შენობის მშენებლობა და საიდან მოგაქვთ ეს ფული", - მიმართა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ძაგნიძეს ვეფხვაძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქში იქნება მაშინ, ეს საბოლოოდ გამოიწვევს საკანონმდებლო ორგანოს კასტრაციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
"გადახედეთპარლამენტის სხდომათა დარბაზს - რამდენი დეპუტატია და წარმოიდგინეთ ქუთაისში რა იქნება. ახალი მოწვევის პარლამენტი იმაზე უარეს დღეში ჩავარდება, ვიდრე დღეს არის", - დასძინა ვიცე-სპიკერმა.
დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამაც მოითხოვა, კანონპროექტის ინიციატორებს დაესახელებინათ ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის აშენებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.
როგორც ძაგნიძემ აღნიშნა, აღნიშნული თანხები 2009 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს გაიწერა, თუმცა რა ოდენობაზეა საუბარი, მინისტრის მოადგილემ არ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილბების თანახმად, 2012 წლისდან პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში იქნება.