ამ დროისათვის არსებული პირველადი მონაცემებით, "ტუ 134"-ს კატასტროფის მიზეზი, რომელმაც 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პილოტის შეცდომა და ცუდი ბუნებრივი პირობები გახდა. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა გააკეთა, რომელიც მთავრობაში ტრანსპორტის საკითხებს კურირებს.
"არ მინდა გამოძიებას გავასწრო, მაგრამ პირველი, გარეგანი მონაცემებით, იკვეთება პილოტის შეცდომა და ცუდი ბუნებრივი პირობები. იგი საფრენ ზოლზე კი არ დაჯდა, არამედ უფრო მარჯვნივ", - განაცხადა ივანოვმა.
მანვე დასძინა, რომ ბურუსის პირობებში პილოტი "ბოლომდე ეძებდა დასაფრენს ვიზუალურად, თუმცა ვერ დაინახა და მოხდა ის, რაც მოხდა".
"ეს სამწუხაროდ, სმოლენსკთან ახლახანს მომხდარ კატასტროფას გვაგონებს", - განაცხადა ივანოვმა.
რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს დასაფრენ ბილიკზე განათება არ არსებობდა, მისი თქმით, თვითმფრინავმა ელექტროენერგიის მავთული თავად გაწყვიტა.