"ქრისტიან-დემოკრატები" ხორცის ფასთან დაკავშირებით "მტყუან-მართლის" გარჩევას აგარარული კომიტეტის სხდომაზე ითხოვენ.
როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საქართველოში სულ 11 სასაკლაოა, მაგრამ აქედან მხოლოდ ორი - თელეთის და ნატახტარის სასაკლაოები მუშაობს და მხოლოდ მათ აქვთ უფლება ქალაქი ხორცით მოამარაგონ.
"ეს არის პრობლემა. ყარაჯალაში გარემონტებული სასაკლაო არის გაჩერებული და ჩვენ ამის კადრები ვიხილეთ და ვერ ვიტყვით, რომ ის სტანდარტებს არ შეესაბამება. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, დეფიციტზე და ფასის ზრდაზე, ეს უკავშირდება მონოპოლიას. ეს არის დალაგებული სქემა, რომ მხოლოდ ორმა სასაკლაომ უნდა იმუშაოს და ამოიღოს ჩადებული ფული", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს ბადებს.
" რადგან მსგავსი გაუგებრობა არსებობს ხორცის ფასთან დაკავშირებით, კარგი იქნება აგრარულ კომიტეტში სოფლის მეურეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის და სხვა შესაბამისი პირების მოსმენა გაიმართოს. რადგან ამ საკითხზე ყველას სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს, ჩავატაროთ კომიტეტის სხდომა და იქ გადაწყდება მტყუან-მართალი", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ მიერ "ტაშის გრიალით" გადარჩენილმა კვეზერელმა მოლოდინები არ გაამართლა და დაპირება "10 ლარიანი ხორცის" შესახებ, არ შეასრულა.