ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მთავრობას ურჩევს "შადრევან მშენებლობის", დისკოთეკების მოწყობის ნაცვლად სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა და სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ბაღათურიას თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომ მუშაობს ჩანს, მაგრამ ამ ხალხს მარტო გზის აღდგენა არ უნდა, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმების გამო მოსახლეობა ყველანაირი სახსრები გაუნადგურდა და ფაქტიურად მშივრები დარჩნენ.
"მოვუწოდებ მთავრობას გამალებული შადრევან მშენებლობა შეაჩეროს. ის კონცერტები გააუქმოს, რომელიც დაანონსებულია. იცით, რომ ამ ღონისძიებების ჩატარება ქვეყანას 3-4 მილიონი უჯდება. ყველა რესურსი უნდა მიმართოთ ხალხის დასახმარებლად. ასევე, ის 500 მილიონიც, რომელსაც მთავრობა სესხულობს. დროსტარება და ქეიფი არც ჩვენ გვაწყენს და ჩვენზე ნაკლებად არ გიყვართ, მაგრამ ხალხს სჭირდება დახმარება", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.