პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო საჯარისო შენაერთების გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება დაავალა. ამის შესახებ ბაქრაძემ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის გამოხმაურებისას აღნიშნა.
"საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ინფორმაცია რომელიც გაჟღერდა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური და მისი დადასტურების შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგავს ქართული მხარე", - აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნას, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე ქართულმა მხარე უარი უნდა თქვას, სანამ რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები არ შეწყდება, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რა სახის ნაბიჯები გადადგავს დაკონკრეტებისგან სჯობია თავის შეიკავონ.
"ნებისმიერ შემთხვევაში გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ თვალყური ვადევნოთ და კარგი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვოთ აღნიშნულის ნებისმიერი დადასტურების პირველი სიმპტომების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდოს, რომ პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეთანხმებულად იმოქმედოს და გადაწყვეტოს რა სახის ნაბიჯები უნდა გადაგას", - მიმართა სპიკერმა თარგამაძეს.
ამასთან, დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დავალება მისცა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვოს ფაქტის ოფიციალური დადასტურების ან ფაქტობრივი დადასტურების შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2013 წლიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა ორნახევარჯერ იზრდება.