"ქართული პარტია" მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, გია გოგუაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს.
გია გოგუაძე, რომელიც ჰელმონდის პროვინციაში დისლოცირებული მესამე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდა, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული უკვე რიგით მერვე ქართველი მეომარია.
„ქართული პარტია" მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ, ოღონდ ქართული სამხედრო კონტინგენტი არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი. მიზანშეუწონლად და საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმი გეგმავს, ახლო მომავალში კიდევ უფრო გაზარდოს ისედაც მრავალრიცხოვანი ქართული სამშვიდობო მისია. ეს გადაწყვეტილება არა საქართველოს ინტერესებით, არამედ დღევანდელი ხელისუფლების ვიწრო პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, რაც წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების გულის მოგებასა და მათი მხრიდან მხარდაჭერის მოპოვების სურვილში გამოიხატება.
„ქართული პარტია" მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ გადასინჯოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მასშტაბი და გაზრდის ნაცვლად, გონივრულ დონემდე შეამციროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა. ასეთი გადაწყვეტილება, თავის მხრივ, შეამცირებს უცხოეთში ქართველი მეომრების დაღუპვის რისკსა და ალბათობას.