მაშველებმა რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისიც, სავარაუდოდ, რესტორან „რიკოთის" თანამშრომელია, რომელიც ნიაღვარმა წაიღო.
ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ამ ტერიტორიაზე უკვე 5 ადამიანია დაღუპული.
რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილზე ამჟამინდელ ვითარებას, მოძრაობა ცალმხრივად განახლდა. დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ მოძრავ ყველა ტრანსპორტს გადაადგილება გვირაბის გავლით შეუძლია. რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანებს, ისინი კვლავ საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზებით სარგებლობენ.
რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
სპეციალისტებმა წყლის მიმართულების შესაცვლელად სანიაღვრე მილები მიწაში ჩაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც წყალი მდინარე სურამულას უნდა შეუერთდეს. სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ხელმძღვანელობდნენ.