ავლაბრისა და ლოტკინისთვის წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო გაურკვეველია.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს""ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა" პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანიას ამ ეტაპზე უჭირს იმის დაკონკრეტება, თუ როდის დაიწყება აღნიშნული დასახლებებისთვის წყლის მიწოდება.
„ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. სპეციალისტები სწავლობენ, რა ვადებში იქნება შესაძლებელი სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანების აღმოფხვრა და ჩვენც, შესაბამისად, გავაკეთებთ სავარაუდო პროგნოზებს, თუ როდის აღუდგება წყალმომარაგება ელიას მთას, დანარჩენ ავლაბარს და ლოტკინის დასახლებას", - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ დააზიანა ღრმაღელის სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებით გაჩერება გამოიწვია. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო ადიდებულმა მდ. გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო. 17 ივნისიდან ზემოთაღნიშნული მიზეზით, წყალმომარაგება შეწყვეტილი ქონდა დედაქალაქის მარცხენა სანაპირის მოსახლეობას, თუმცა "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა" შეძლო დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობისათვის წყლის მოწოდება აღედგინა.