ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილმა მდინარეებმა რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიამ გვირაბის ორივე მხრიდან მისასვლელი გზა ძალიან დააზიანა, მოვარდნილმა წყალმა ცენტრალური გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩარეცხა.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოვახერხეთ შემოვლითი გზით ტექნიკის შემოყვანა და გვირაბის ორივე მხრიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები დავიწყეთ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მთებიდან წამოსულმა მდინარეებმა რიკოთის უღელტეხილზე მდებარე კვების ობიექტებიც დააზიანა.
ამ დროისთვის კი უღელტეხილზე მოძრაობა ნაწილობრივ ჩაკეტილია. განადგურებულია გვირაბთან დამაკავშირებელი გზა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სპეციური ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სტიქიას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.