"ქრისტიან-დემოკრატების" მიერ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე მომზადებული დადგენილების პროექტი 39 ხმით, 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
როგორც დადგენილების პროექტში იყო ნათქვამი, საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი სამართალდარღვევის ფაქტები, თავისი ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის ამ კონკრეტული მოხსენების არა მარტო ცნობად მიღებას, არამედ საპარლამენტო დადგენილებას, რომელიც დაავალებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიკვლიონ ანგარიშში მოხსენიებული ფაქტები და გარემოებანი. ასევე მისცენ სათანადო სამართლებრივი შეფასება და მიიღონ შესაბამისი სამართალდაცვითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში განისაზღვროს შემდეგი პუნქტები:
1. "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას, გამოიკვლიოს ანგარიშში მოხსენიებული ფაქტები და გარემოებანი, ჰქონდა თუ არა მათ ადგილი, მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მიიღოს სათანადო სამართალდაცვითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარმოუდგინოს დეტალური ინფორმაცია, სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტების შემოწმების შედეგად გატარებული ღონისძიებების თაობაზე;
3. საქართველოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო გამოძიება კოლექტიური ცენტრებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა არანებაყოფლობითი გამოსახლების ფაქტები, ასევე უზრუნველყოს კოლექტიურ ცენტრთა პრივატიზაციის სათანადოდ რეგულირება და გატარდეს ყველა აუცილებელი ზომა მომავალში იძულებით გადაადგილებულ პირთა არა¬ნებაყოფლობითი გასახლების შემთხვევების არდასაშვებად;
4. საქართველოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველ¬ყონ სათანადო გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საჩივრების სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება და აღძრას სისხლისსამართლებრივი დევნა ეჭვმიტანილ დამნაშავეთა წინააღმდეგ;
5. საქართველოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები თავისუფლებააღკვეთილი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. კერძოდ გააუმჯობესონ დაკავების ადგილებში ჰიგიენური, კვებისა და საერთო პირობები და სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ასევე უზრუნველყოფილ იქნას პატიმართა სიკვდილიანობისა და წამების ფაქტების თითოეული შემთხვევის დაუყოვნებლივი გამოძიება;
6. სახალხო დამცველის ანგარიში ავლენს ბავშთა უფლებების დარღვევის შემაშფოთებელ ფაქტებს, შესაბამისად დაევალოს საქართველოს მთავრობას "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების დანერგვა და მშობელთა მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული რეფორმის გატარება სისტემაში არსებულიპრობლემების გადაჭრის მიზნით;
7. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს ეფექტიანი და ქმედითი კონტროლი "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტების, უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოძიებისა და რეკომენდაციების შესრულებისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა.