17 ივნისს, 17:00 საათზე ფონდ `ღია საზოგადოება საქართველოს~ ოფისში გაიმართება სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია. გამოძიება ეხება საქართველოს რეგიონებში მიმდინარე წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტებს.
საქართველოს მთავრობა 2006 წლიდან რეგიონებში წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. სიუჟეტში ნაჩვენებია ფოთის, ქუთაისისა და აბაშის რეაბილიტირებული წყლის სისტემების პრობლემები - რას პირდებოდა ხელისუფლება ხალხს და რა შედეგია ამჟამად.
ხელისუფლება ფოთის მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგებას 2009 წლისთვის დაპირდა, თუმცა, მოსახლეობას წყალი ორ დღეში ერთხელ 6 საათით აქვს.
გამოძიებაში საუბარია, რა შედეგი მოიტანა ქუთაისში წყლის რეაბილიტაციამ, რომელზეც 13 მილიონი ევრო უკვე დაიხარჯა. ხელისუფლების განცხადებით, ქუთაისის მოსახლეობის 70%-ს წყალი ყოველდღიურად აქვს, თუმცა ექსპერტები ამ რიცხვს არარეალურს უწოდებენ, რადგან 284 ქუჩიდან, რეაბილიტაცია მხოლოდ 31-ზეა ჩატარებული. პრობლემებია აბაშაშიც, სადაც ცენტრალური მაგისტრალის შესაცვლევლად მილიონ 85 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, მოსახლეობას კვლავ აზბესტის ძველ მაგისტრალში გამავალი წყალი მიეწოდება, რომელიც ჯანმრთელობისათვის საშიშია.