თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ახალი „მარშრუტკების" შემოყვანის შემდეგ, შესაძლოა, დაუსაქმებელნი დარჩნენ.
როგორც გაზეთ „რეზონანსთან" საუბარში კომპანია „თბილლაინის" წარმომადგენელი დავით ასანიძე აცხადებს, მძღოლებმა გარკვეული პირობა უნდა დააკმაყოფილონ.
უფრო კონკრეტულად, ირკვევა, რომ ის მძღოლი, რომელიც გარანტიის სახით შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე 500 ევროს არ შეიტანს, სამსახურს ვერ მიიღებს.
„მძღოლმა თუ მოძრაობის წესები დაარღვია ან სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან გადმოაგდო, საჯარიმო ქვითარი ჩემთან მოვა და არა მართან. მე რატომ უნდა ვიხადო ჯარიმა? ამიტომ ვითხოვ საგარანტიო თანხას", - აცხადებს ასანიძე.
„უმუშევარი არც ერთი მძღოლი არ დარჩება. მთავარია, მათ ჩვენი პირობები შეასრულონ. ისეთ მძღოლს კი, რომელსაც არაფერი გააჩნია, პირადობის მოწმობის გარდა, სამსახურში ნამდვილად არ ავიყვან და 30 ათასი დოლარის ღირებულების მანქანაზე არ დავსვამ. 500 ევროს კიდევ უნდა დავუმატო 500-600 დოლარი და მერიაში საგარანტიოდ წარვადგინო. ფულს ამაში კომპანიაც იხდის", - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსები დედაქალაქში ივლისიდან გამოჩნდებიან.