ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასს მიმართვას უგზავნის და მოუწოდებს, ქვეყანა დატოვოს.
"ბატონო ბას! თქვენ უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა! უნდა დატოვოთ თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერით გაგულისებულმა ავაზაკების კრებულმა, სისხლში ჩაახშო პატიოსანი ქართველი კაცების და ქალების წადილი, იცხოვრონ სამართლიან სახელმწიფოში", - ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც ხაინდრავა განმარტავს, რომ 26 მაისის აქციის დაშლის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ჯონ ბასს საქართველოში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს.
"ჩვენ ბევრი რამის პატიება შეგვიძლია სტუმრისთვის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამ აღვირახსნილ ძალადობას, უსამართლობას, უკანონობას საქართველოში თქვენი ფავორიტი სააკაშვილი განასახიერებს. თქვენ პირადად, უკვე დაკარგეთ ღირსება და ნუღარ დაუკარგავთ მას თქვენ ქვეყანას", - ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თქმით, ქართველს ხალხს აღარ სურს საქართველოში ამერიკული "დემოკრატიის" მოდელის ხილვა, რადგან ის უპრინციპო, უმორალო და გარყვნილ პრინციპებს ეფუძნება.
"ცხვრებივით მიერეკებით ათასობით გაჭირვებაში მყოფ ქართველს სასაკლაოზე, რომელსაც დემოკრატიისთვის ბრძოლის ასპარეზად ასაღებთ, უფრო სწორად, ცდილობთ გაასაღოთ. მოწმენი ვართ თქვენებური "დემოკრატიის", მისი ნაყოფის საქართველოში! ორივე ქვეყნის ხელისუფალთ გაწყობთ ამ ტერიტორიაზე უპრინციპო, უმორალო, გარყვნილი, პირად ვნებებსა და კეთილდღეობას დახარბებული გუნდის ძალაუფლებაში ყოფნა! იმიტომაც იცავთ ასე გულმოდგინედ. ისინი ხომ ნებისმიერ თქვენს სურვილს აღასრულებენ! 26 მაისის შემდეგ, თქვენ ამ ქვეყანაში ყოფნის მორალური უფლება არ გაქვთ! ამას ჩვენ გეუბნებით, მასპინძლები. კეთილი ინებეთ, მოიქეცით ისე, როგორც ეს სტუმარს შეჰფერის", - აღნიშნულია გოგა ხაინდრავას მიმართვაში.