16-17 ივნისს, სასტუმრო ძველ თბილისში რეგიონალური კონფერენცია „გზა ინფორმირებული საზოგადოებისაკენ აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: პრიორიტეტები და გამოწვევები" გაიმართება, რომელსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილი გახსნის.
კონფერენცია სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის (GRENA) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენცია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და მკვლევარებს, ასევე, საგანმანათლებლო და სამრეწველო სფეროსა და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების (ICT Research & Development) სტრატეგიის შემუშავებას.
კონფერენციაზე განიხილება როგორც რეგიონალური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული საჭიროებები, შესაძლებლობები და პრიორიტეტები, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევები. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები რეგიონში და რეგიონის ევროპასთან თანამშრომლობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.
კონფერენციაზე, ასევე, ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პროგრამის მე-8 კონკურსისათვის საპროექტო წინადადებებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები