დღეს, 16 ივნისს, ხაშურში "ნატოს საინფორმაციო კუთხე" გაიხსნება. კუთხეს, რომელიც ხაშურის "საბიბლიოთეკო გაერთიანების" ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იფუნქციონირებს, ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გახსნიან. ღონისძიებას ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრის ვილცანსი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ნატოს კუთხე ხაშურის „საბიბლიოთეკო გაერთიანებაში" ლიტვის საელჩოს ხელშეწყობით გაიხსნება. ლიტვის საელჩომ 2011 წლიდან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციები ლატვიიდან გადმოიბარა.
ამავე დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ოფიციალურად გაიხსნება ხაშურის ცენტრალური მოედნის კონცეპტუალური პროექტების გამოფენა-პრეზენტაცია. პროექტების ავტორები ლიტვის ქალაქ კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 13 კონცეპტუალური პროექტი, რომელთა შორისაც საუკეთესოებს ხაშურის მოსახლეობა კენჭისყრით გამოავლენს.
ოფიციალური ღონისძიებები ხაშურის საქალაქო კულტურის სახლში კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თამარ ჭოხონელიძე, "თეატრალური კვარტეტი", "ნუცას სკოლის" გამარჯვებული სოლიკო გოგილაშვილი და ხაშურის შემოქმედებითი ჯგუფები.