საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ" თხოვნით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრს, მოახდინოს რეაგირება რასიზმის გამოხატვის ფაქტის თაობაზე, რომელიც გამოთქმული იქნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მიერ.
მათი განცხადებით, 13 მაისს სტურუამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ მის შემოქმედებით საღამოზე განაცხადა: „თუ რაღაც სჭირს საზოგადოებას და არ დავასახელეთ ეს დაავადება, მისგან ვერც განვიკურნებით. რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს. ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც უნდა შევებრძოლოთ, დამალვით მხოლოდ ვითვალთმაქცებთ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ გითხრათ, თუ როგორ მიყვარს ზანგები. ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე კულტურის მხრივ".
"მრავალეროვანი საქართველო" თხოვნით მიმართავს მინისტრს, თავისი მოსაზრება გამოხატოს "მტრობის ენის" თაობაზე, რომელიც გაჟღერებული იქნა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი თეატრალური მოღვაწისა და სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის მიერ.
შეგახსენებთ, რომ რომ ცოტა ხნის წინ "მრავალეროვანმა საქართველომ" გააპროტესტა სტურუას გამონათქვამი, რომელმაც საჯაროდ გაახმოვანა თავისი მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ, მაშინ, როდესაც ეთნიკური იდენტიფიკაციის საკითხი წარმოადგენს თითოეული მოქალაქის პირად საქმეს და შესაბამისად არ უნდა ექვემდებარებოდეს საჯარო განხილვას.
ორგანიზაციამ საზოგადოებას მოუწოდა, ბოიკოტირება მოეხდინა თეატრის სპექტაკლებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს სტურუა.
"მრავალეროვანი საქართველო" იმედს იტოვებს, რომ ისეთი მასშტაბის მქონე თეატრალური მოღვაწე, როგორიც რობერტ სტურუაა, შემდგომში თავს შეიკავებს ეთნიკურ და რასობრივ თემებზე შეუწყნარებელი გამონათქვამებისგან, რაც ორგანიზაციისთვის პროტესტის აქტიურ ფაზაზე გადასვლისგან თავშეკავებას გამოიწვევს", - აღნიშნავენ „მრავალეროვანი საქართველოს წევრები".