შეკრებისა და მანიფესტაციის დროს ადგილობრივი მოსახლეობის და მოვაჭრეების უფლებების დაცვა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული სტანდარტია. როგორც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განმარტა, მანიფესტაციების დროს კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.
"ეს არ არის ჩვენი მოგონილი ნორმა. ეს არის ვენეციის კომისიის სტანდარტი და ნორმა, რომელიც სრულად არის გადმოტანილი სარეკომენდაციო დოკუმენტიდან", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში აქციებს კონკრეტული ვადა აქვს, მაგალითად, შეიძლება მიეცეთ სამი საათით ქუჩის გადაკეტვის უფლება, რაც ბუნებრივია ვისაც ბიზნესი აქვს, დააზარალებს.
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ამაზეა ჩანაწერი, რომ პროპორცია უნდა დაიცვა, ერთი მხრივ, მიეცეთ ადამიანებს თავისი პოზიციის გამოხატვისა და შეკრების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, არ უნდა გადახვიდე ზღვარს, რომ იმ ტერიტორიაზე მდებარე ბიზნესი საერთოდ დახუროს ან ცხოვრება შეუძლებელი გახადეს", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ" კანონში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონს ახალი პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.
ასეთივე შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს ორი ურთიერთდაკავშირებული შეკრების ან მანიფესტაციის არსებობის პირობებშიც.