სახალხო მხატვარი, პროფესორი, რუსთაველისა და სახლმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე მერაბ ბერძენიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს, ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, დატოვოს საქართველო.
"თქვენმა ტელევიზიით გამოსვლამ 25 მაისს და თქვენ მიერ გაცხადებულმა სიტყვამ სრულიად უადგილოდ, უდროოდ, მწვანე შუქი აუნთო მავანს, რასაც ტრაგედია მოჰყვა, ადამიანები დაიღუპნენ", - ნათქვამია ღია წერილში.
ბერძენიშვილის თქმით, ბასი საერთაშორისო კანონებზე საუბრობს, თუმცა მათ თავად არღვევს.
"თქვენ საერთაშორისო კანონებზე საუბრობდით და ამ დროს თავად არღვევდით კანონს. თქვენთვის არავის მოუცია უფლება, თავდაჯერებულად ჩაერიოთ ქვეყნისა და ერის საქმეში. ეს არ იყო ელჩის მისია. ეს იყო დიპლომატის გამოუსწორებელი შეცდომა. თქვენ აშშ-ის ხალხსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა ეჭვქვეშ დააყენეთ. თქვენმა ტელევიზიით გამოსვლამ ქართველ ხალხში თქვენდამი უნდობლობა გამოიწვია. 25 მაისს თქვენ ქართველ ხალხს განაჩენი გამოუტანეთ. თქვენი ქმედების შემდეგ, რასაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა, საქართველოში მოღვაწეობის მორალური უფლება არ გაქვთ. თქვენ საქართველო უნდა დატოვოთ", - ნათქვამია მერაბ ბერძენიშვილის ღია წერილში საქართველოში ამერიკის ელჩისადმი", - აღნიშნულია ღია წერილში.