საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟირების პროგრამა დაიწყო. ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული 15 წარმატებული კანდიდატი სტაჟირებას ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გაივლის. სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში, საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებსა და თბილისის არქივში შერჩეული კანდიდატებისთვის სტაჟირების კურსი 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება.
სტაჟიორებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
ეროვნული არქივის სტაჟირების კონკურსში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. სტაჟირების მსურველებს კონკურსის პირველ ეტაპზე ჩაუტარდათ ტესტირება უნარ-ჩვევებში, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება, შემოწმება ქართულ ენაში, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნასა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებში.
მასალის გამოყენების პირობები