საზოგადოებრივი დამცველი „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საზოგადოებრივი დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები თავიდან ბოლომდე ზღუდავს აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარებას.
„ამასთან მიღებული გამოცდილებიდან და სამართალდამცავების მხრიდან აქციებში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ქმედებების ანალიზით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ და სხვა მოსალოდნელ ცვლილებების მიღების შემდეგ, ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაიფართოვებს მანიფესტაციებში მონაწილე მოქლაქეების მიმართ განსახორციელებელი ქმედებების ბერკეტებს, ხოლო ეს ყველაფერი კი მიმართულია არადემოკრატული გზებით, ხელისუფლებაში დარჩენისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი დამცველი აღნიშნულიდან გამომდინარე პოლიტიკურ პარტიებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართვასაც უგზავნის.
„ამავდროულად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა «თავისუფლების ქარტია» და ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, გამოხატონ დროული, ქმედითი და ადეკვატური შეფასება", - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, 2011 წლის 7 მაისიდან დღემდე სხვადასხვა მიზეზებით დაპატიმრებულია 260 ადამიანი.
„იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისი და ადგილობრივი ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიები, საქართველს სახალხო დამცველი, საქართველოს მოსახლეობა მოვითხოვთ განხორციელებული ძალადობის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამისად დამნაშავე თანამდებობის პირების დასჯას, როდესაც 2011 წლის 7 მაისიდან -დღემდე სხვადასხვა მიზეზებით დაპატიმრებულია აქციებში მონაწილე 260 მოქალაქე, ხოლო 17 პიროვნების ადგილსამყოფელი დღემდე გაურკველია, ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიული სახის მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სიტყვისა და თავისუფლების შეზღუდვისათვის და მიზნის მისაღწევად, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, დაწყებული- იდიოლოგიური პროპაგანდით, დამთავრებული- ადგილობრივ კანონმდებლობაში გაუგებარი და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრაქტიკასთან არსებით წინააღმდეგობაში მოსული ცვლილებების ინიცირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.