სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა იმედი გამოთქვა, რომ "მედიაპალიტრის" საგადასახადო შემოწმება "სხვა მიზანს" არ ემსახურება. ამის შესახებ ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრის გოკა გაბაშვილისა და ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სახალხო დამცველი მივა დასკვნამდე, რომ ეს შემოწმება სხვა მიზნებს ისახავს და არასწორად არის მიმართული, მას შესაბამისი რეაგირება ექნება.
"საუბარი გვქონდა "მედაპალიტრის" ხელმძღვანელობასთან. თუ გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, ამაზე შესაბამისი რეაგირება მექნება, თუმცა მსგავსი რამ ჯერ სახეზე არ ყოფილა", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
ტუღუშის განცხადებით, "მედიაპალიტრის" შემოწმების დროს მედიის მუშაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია მასთან არ მისულა.