26 მაისის აქციის დაშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
"სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორცილა ყველა იმ იზოლატორში, სადაც იმყოფებოდნენ 21 მაისიდან 27 მაისამდე დაკავებული და ადმინისტრაციულპატიმრობამისჯილი პირები. სახალხო დამცველის წარმომადგენლები თვალყურს ადევნებდნენ აქციის დაშლას და მინდა შეშფოთება გამოვხატო ძალის გადამეტების იმ ფაქტების გამო, რომელიც მათ დააფიქსირეს და ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისი თქმით, ვიდეოჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ პირებს, რომლებსაც ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ, რამდენიმე სამართალდამცველი ერთდროულად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.
"სახალხო დამცველისთვის ასევე ცნობილია გახდა დაკავებული პირების ცემის ფაქტები სამართალდამცველი ორგანოებში გადაყვანის შემდეგ. ეს ეხება როგორც 26 მაისს, ისე შემდგომ პერიოდს", - აღნიშნავს ომბუდსმენი.
მისი ინფორმაციით, მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოთავსებულ 10-მდე პირს, საშუალო სიმძიმის დაზიანებები კი უმრავლესობას.
"მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს პროფესიული მოვალეობის განხორციელების საშუალება მიეცა, აქციის დაშლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტების ნაწილს, ნაწილი დააკავეს და დაუზიანეს ტექნიკა. აღნიშნული ქმედებები, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ ფაქტების დაწყების რეკომენდაციით მივმართე მთავარ პროკურატურას", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ტუღუშმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება გამჭვირვალე და ეფექტური იქნება და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.