პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში წარმოდგენილ ცვლილებებში, სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალში, სადაც აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარება იზღუდება, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები არ არის შესული.
თუმცა დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც იმართება მანიფესტაცია, უფლებამოსილია, განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი შენობის შესასვლელიდან, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრის დაშორებით.
აღნიშნული რეგულაციის შეეხება თუ არა პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჯერ უცნობია.
კანონის ძველი რედაქციით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგი შენობების შესასვლელის 20 მეტრის რადიუსში აკრძალული იყო: საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები; სამხედრო ნაწილები და ობიექტები; რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები; საავადმყოფოები; დიპლომატიური დაწესებულებები; სამთავრობო დაწესებულებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.