ფონდ „იავნანას" დამფუძნებელმა და მსოფლიო ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი „იავნანას" სიმბოლოთი, „ოქროს რაშით" დააჯილდოვა. საჩუქრის გადაცემა მოხდა იტალიის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ცნობილი იტალიელი საოპერო მომღერლები, ტენორი ანტონელო პალომბი და სოპრანო ჩინცია ფორტე. მათ თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს გასამართ იტალიის გაერთიანების ას ორმოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტის "გალა იტალიას" შესახებ ისაუბრეს.
„იავნანას ჩამოყალიბების პირველი დღიდან ჩვენს გვერდში დგანან იტალიის საელჩო და იტალიელი ცნობილი ხელოვანები. წელს ბოლო წელია ბატონი ელჩის მოღვაწეობისა საქართველოში და მინდოდა რომ ის ისეთი რამით დამესაჩუქრებინა, რაც სამუდამოდ სამახსოვროდ დარჩება. ვიტორიო სანდალი არის ის ადამიანი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ფონდ იავნანასა და გაჭირვებულ ბავშვებსა და ოჯახებს", - განაცხადა ბურჭულაძემ.
სანდალის თქმით, საქვოლმოქმედო კონცერტი ემსახურება იმას, რომ იტალიელები და ქართველები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
"ხელოვნებისადმი სიყვარული, განსაკუთრებით კი მუსიკისადმი, ისევე, როგორც სოლიდარობა და სოციალური საკითხებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება, წარმოადგენენ იმ ფასეულობებს, რომელსაც ქართველი და იტალიელი ერები იზიარებენ, სწორედ ამიტომ იტალიის საელჩომ ფონდ "იავნანასთან" ერთად გადაწყვიტა იტალიის გაერთიანების ასორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად თბილისში კონცერტის ორგანიზება, რომელიც ჩატარდება სოციალური პროქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება იმ კავშირების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. ჩემი მისიის დასასრულს, ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ, სწორედ ამ სულისკვეთებით მინდა ვუსურვო კეთილდღეობა და მშვიდობა ქართველ ერს", - განაცხადა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ჩამოვიდა ვინჩენცო ვიტელი (ბარიტონი). ბურჭულაძის თქმით, ის დაუკავშირდა ცნობილ მომღერალს, რომელიც მისი მეგობარია, კარლო გუელფის და ვიტელს სწორედ გუელფი ჩაანაცვლებს. ბურჭულაძის თქმით, დღეს ბინა 7 შვილიან ოჯახს გადაეცემა.
კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტის ორგანიზატორები არიან ფონდი "იავნანა" და იტალიის საელჩო საქართველოში, მოეწყობა ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ორი ათასამდე მსმენელის წინაშე წარდგებიან იტალიელი მუსიკოსები, რომლებიც გამოეხმაურნენ ქართველი მომღერლის, ფონდ "იავნანას" დამაარსებლის, პაატა ბურჭულაძის მოწოდებას. ორკესტრს უხელმძღვანელებს დირიჟორი ატილიო ტომასელო. იტალიელი მომღერლები შეასრულებენ ცნობილ არიებს ვერდის, დონიცეტის, პუჩინის, ლეონკავალოს და გუნოს ოპერებიდან.