საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი არსი სკოლებისა და მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სეფერთალაძემ განაცხადა, გრიფირების მიზანია დაადგინოს, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა" და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით". დაწესდა ქულობრივი ბარიერი, სადაც განისაზღვრა, რომ სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიას უნდა გადაელახა მაქსიმალური ჯამური ქულების 90% (შინაარსობრივი) ბარიერი, სხვა შემთხვევაში წიგნს გრიფი არ მიენიჭებოდა.
2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, მოსწავლეები კი ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.