"ქრისტიან-დემოკრატები" დამწვრობის ცენტრისთვის დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნებას ითხოვენ., ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოების პრივატიზებისა თუ გადაადგილების გეგმებისა ხელისუფლება პირობას იძლევა ხოლმე, რომ არცერთი ექიმი გათავისუფლებული არ იქნება, რეალურად კი ექიმების 50% უმუშევარი რჩება.
ანიკაშვილის ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა დამწვრობის ცენტრში, რომლის თანამშრომლებს 17 ივნისს ხელშეკრულების ვადა ეწურებათ და არ იციან, რა ბედი ეწევათ.
"ესენი არიან უნიკალური თანამშრომლები და ვერცერთი პროფილის ექიმი ვერ შეასრულებს მათ ფუნქციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ცენტრი შევინარჩუნოთ", - განაცხადა ანიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, თუ ახლა არ შეუნარჩუნდება ამ ცენტრს დამოუკიდებელი სტატუსი, ხელისუფლებას მოგვიანებით მაინც მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და უკვე გვიან იქნება.
"მთავრობა არასასიამოვნო ექსპერიმენტზე მიდის. როდემდე შეიძლება ასეთ ექსპერიმენტებზე წახვიდეთ. ეს ცუდად დამთავრდება", - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ანიკაშვილმა.