საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სხვადასხვა სამინისტროს არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის სემინარი დაიწყო.
სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობს: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 25 თანამშრომელი.
სემინარის მონაწილეები გაეცნობიან არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, ასევე საქმისწარმოების ერთიან წესებს.
სწავლების მონაწილეებს პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარდებათ, დაათვალიერებენ საცავებსა და რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიას.
სემინარი 17 ივნისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.