დღეს, 14 ივნისს, 12:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო თემატური კონფერენციის დახურვის ცერემონია გაიმართება.
კონფერენციაზე, რომლის თემა იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ UNESCO-ს 2003 წლის საერთაშორისო კონვენციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების მიზანია, აჩვენოს იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" სწავლების Uმეთოდის უნიკალურობა,როგორც ქართველი ხალხის სულიერი საგანძურის მნიშვნელობა გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში.
კონფერენციაზე სტუდენტები "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის" იმპლემენტაციის საკითხებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნახატების გამოფენა "დაიცავი დედაენა" და ნომინაციებსა და კონფერენციაში მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება.
კონფერენციის მასალები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობოთაშორისო კომიტეტში წარსადგენად გაიგზავნება.