ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრები ნაზი ქობულაძე და ვაჟა ვერულიძე აშლარბების სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სოციალური მომსახურების სააგენტომ, განმარტების გარეშე, რამდენიმე წლის წინ მოუხსნა. ოჯახის უფროსი ჯუმბერ აშლარბა პირველი ჯგუფის ინვალიდია. მას 2009 წელს ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. როგორც აშლარბები აცხადებენ, საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოჯახის უკიდურესად გაჭირვების გამო, ოპერაცია უფასოდ გაკეთდა.
სამი კვირის წინ აშლარბებს სააღსრულებლო ბიუროდან წლების წინ ჩატარებული ოპერაციის საფასურის - 1800 ლარის დაუყოვნებლივ გადახდის ბრძანება მიუვიდა. ამ ეტაპზე კი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჯუმბერ აშლარბას 86-ლარიანი (ინვალიდობის) პენსიაა.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს უსამართლობას ვაწყდებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან. იმ პირობების გათვალისწინებით, რა პირობებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ, შეუძლებელია არ მიენიჭოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, რაც მათი არსებობისათვის აუცილებელი პირობაა", - განაცხადა ნაზი ქობულაძემ.