ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და საქართველოში აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაფორმებული შეთანხმება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. დღეს მემორანდუმს ილიას სახელობის უნივერსიტეტი შეუერთდა, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო განათლების ამაღლების პროცესში.
მემორანდუმის მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაცია უნივერსიტეტებში განახორციელებს სასწავლო პროგრამას, რომელშიც უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი გაივლიან კურსს საარჩევნო საკითხების შესახებ, გაეცნობიან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის პრინციპებს და სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემის შესახებ. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში მომავალი ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას, ვინაიდან სწორი და საფუძვლიანი ცოდნა საარჩევნო პროცესების ეფექტურად გაშუქებას შეუწყობს ხელს.
სწავლებას მომავალი ჟურნალისტებისთვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი განახორციელებს.
2010 წელს მემორანდუმების გაფორმების საფუძველზე (28 სექტმბერი, 2 დეკემბერი) 14 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა საარჩევნო სამართლის კურსი გაიარეს. ცესკოში სპეციალურად მათთვის შეიქმნა ე.წ. „იურიდიული კლინიკა", სადაც სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებში ჩაერთვნენ,უშუალოდ გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას; მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენინგის ბოლოს ახალგაზრდებმა იმიტირებული არჩევნებიც მოაწყვეს. დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სწავლების შედეგებიც შეაჯამეს და სტუდენტებს კურსის დასრულების შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.