ხვალ, 14 ივნისს, საქართველოში არსებული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების - `მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის", ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის", "საქართველოს ახალგაზრდებისა" და ქართველი საკუტების მიერ თბილისში ევროკომისიის მოხალისეობრივი პროგრამის - EVS (European Voluntary Service) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულების საზოგადოებრივი პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. ამასთან, აქციის მხარდამჭერები არიან: SALTO EECA, თსუ-ის თვითმმართველობა და კომპანია Red-Bull.
საზოგადოებრივი პრეზენტაციის მიზანია ევროპის მოხალისეობრივი პროგრამის პოპულარიზაცია საქართველოში, ქართველი ახალგაზრდებისთვის ამ შესაძლებლობის გაცნობა და ევროპის მოხალისეობრივი პროგრამის მოხალისეთა გამგზავნ ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტის უზრუნველყოფა.
ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პროგრამის პირველი პრეზენტაცია მოხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შევჩენკოს სკვერში, 14:00-16:00 საათის შუალედში. დაგეგმილია ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისთვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მეთოდით. ამავე დღეს, პრეზენტაცია გადაინაცვლებს ვაკის პარკში, რომელიც სპეციალური კონცერტითა და მრავალფეროვანი სახალისო პროგრამით გაგრძელდება. საღამოს განმავლობაში იგეგმება: EVS პრეზენტაცია, ლაივ-კონცერტი, EVS ევროპელი მოხალისეების პირადი გამოცდილების გაცნობა, EVS ფოტოგამოფენა, ფლეშ-მობები და სხვა კრეატიული აქტივობები. პროგრამის პრეზენტაცია ვაკის პარკში 20:00 საათზე დაიწყება.