აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას უახლოეს მომავალში ნეიტრალურ პასპორტებს დაურიგებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში, რომლის ინიცირებაც დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის თანმდევი კანონპროექტში "მკაცრი აღრიცხვების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ნათქვამია, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რეგისტრაციაში გაატარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
დოკუმენტზე სახელმწიფო გერბი სრული სახით არ იქნება გამოსახული.
ცვლილება შედის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში, რომლის თანახმადაც, ის პირები, რომლებზედაც გაცემული იქნება პირადობის ნეიტრალური მოწობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, უფლებამოსილნი იქნებიან შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მიმართულებით.