პარლამენტის თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, შობამდელი სქესის შერჩევის საკითხებში მომხსენებელს დორის სტამპის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სელექტიური აბორტების შესახებ, ანუ სქესთა შორის თანაფარდობის მიზნით არასასურველი ფეხმძიმობის შეჩერებაზე ისაუბრეს.
დორის სტამპი დაინტერესდა შობამდელი სქესის შერჩევის საკითხების აქტუალობით საქართველოში და სელექტიური აბორტების სტატისტიკური მონაცემებით.
რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც მიერთებულია საერთაშორისო კონვენციებს და სქესთა შორის თანაფარდობის მიზნით არასასურველი ნაყოფის მოცილების თვალხილული პრობლემა არ არსებობს.
მისი თქმით, იმის გამო, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემა მწვავედ დგას, შესაძლებელია საქართველოში ჩატარდეს შესაბამისი კვლევა პრობლემის რეალური სურათის მისაღებად.
დორის სტამპი საკანონმდებლო ორგანოში მორიგ შეხვედრას ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი წერეთელთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ირაკლი ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, შეხვდება რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, სანდრა ელისაბედ რულოვს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.