სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემულ დოკუმენტებს (ცნობა ჯანმრთელობის შესახებ) აპოსტილით იუსტიციის სახლი დაამოწმებს.
ახალი სერვისის პრეზენტაცია ბათუმის იუსტიციის სახლში, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა. საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წარსადგენად ხშირად სჭირდებათ აპოსტილით დამოწმებული დაბადების, ქორწინების მოწმობებისა და სხვა საბუთების წარდგენა. დღეს უკვე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციაზე საბუთებს მიიღებენ და გასცემენ: ბათუმის იუსტიციის სახლი, თბილისის ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურები, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და ახალციხის ტერიტორიულ სამსახურებიც. ამავე სამსახურებში ხდება საზღვარგარეთ წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის სხვადასხვა ენაზე თარგმნაც.
რაც შეეხებათ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ ამ სერვისის მიღება ონლაინში შეუძლიათ - უნდა იხილონ ვებგვერდი www.passport.gov.ge და გააკეთონ განცხადება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების თაობაზე.
ცნობისთვის, ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ნამდვილობის დამოწმებას. საქართველოში გაცემული და დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური დამცავი მექანიზმი - აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი. აპოსტილის სტიკერზე მითითებულ ვებ-გვერდზე უცხო ქვეყნის ორგანოებს, რომელთაც წარედგინებათ საქართველოში დამოწმებული დოკუმენტი, შეუძლიათ აპოსტილის უნიკალური ნომრისა და გაცემის თარიღის მიხედვით გადაამოწმონ მისი ნამდვილობა.
ერთი დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება რვა სამუშაო დღის განმავლობაში 20 ლარი ღირს. სამოქალაქო რეესტრი დოკუმენტების დამოწმების კუთხით, მოსახლეობას დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ოთხ სამუშაო დღეში 40 ლარი ღირს, მეორე დღეს - 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს 100 ლარი.