ქვეწარმავლების მომრავლებას ამჯერად ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა უჩივის. მოზრდილი ზომის გველები სხვადასხვა უბნებში აღმოაჩინეს. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყი" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთ დასახლებაში 4 გველი მოკლეს. მათი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები დაგესვლას შემთხვევით გადაურჩნენ.
ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ფირუზ ჯამასპიშვილი აცხადებს, რომ საკუთარ ეზოში, დღისით, მეტრანახევარი სიგრძის გიურზა შენიშნა, რომელიც მეზობლების დახმარებით მოკლეს.
ასევე, ქალაქ დედოფლისწყაროში, მიკრორაიონის დასახლებაში მაცხოვრებლებს ერთი დღის მანძილზე ორი გველის მოკვლა მოუხდათ. მომხდარის გამო ადგილობრივები პანიკაში არიან და ბავშვების ეზოში გაშვების ეშინიათ.
დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ახლახან დედოფლისწყარომ "ანტიგიურზინი" უკვე მიიღო, 2 ვაქცინა საავადმყოფოში ინახება და საჭიროების შემთხვევაში პრობლემა აღარ შეიქმნება.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ, დედოფლისწყაროში მდებარე მეცხოველეობის ერთერთ ფერმაში გველის მიერ დაგესლილი 3 წლის ამილ გასანოვი შხამის საწინააღმდეგო შრატის არარსებობის გამო გარდაიცვალა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ქვეწარმავლები უკვე ქალაქის დასახლებებშიც მრავლად გამოჩნდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. /ქიზიყი/