დღეს, 13 ივნისს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR) გაიმართება ტრენინგი თემაზე „ჟურნალისტის უსაფრთხოება მიტინგებისა და სამოქალაქო არეულობების გაშუქებისას".
ტრენინგში მონაწილეობას IWPR სამოქალაქო ჟურნალისტიკის ხელშეწყობის და განვითარების პროექტში ჩართული ახალგაზრდა ქართველი ბლოგერები მიიღებენ.
ტრენინგს სააგენტო როიტერის საქართველოს ბიუროს ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი და IWPR-ის ტრენერები გაუძღვებიან. ტრენერისგან შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას უსაფრთხოების ზომების შესახებ და იმ ცოდნას, რომელიც დაეხმარება მათ მიტინგების, საპროტესტო გამოსვლების და სამოქალაქო არეულობების გაშუქებისას მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.
შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ჟურნალისტების მუშაობაზე ძალისმიერ შეტაკებებში გადაზრდილი დემონსტრაციების და სხვა კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისას.
პროექტის მონაწილე ბლოგერები პროფესიონალ ჟურნალისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებაში, ბლოგის http://geoelection.ge/ მეშვეობით. ამჟამად ბლოგი დახურულია და იგეგმება ტრენინგების სერია მასზე მომუშავე ბლოგერებისთვის და ჟურნალისტებისთვის. თუმცა ახლო მომავალში საარჩევნო ბლოგი განაახლებს მუშაობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები