დღეს, 13 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, შეხვედრაზე წარმომადგენლების მიერ შეჯამდება 2010 წლის 28 სექტემბერსა და 2 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სამართალში განხორციელებული სასწავლო კურსი.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ცენტრი აგრძელებს პროექტს სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ამ მიზნით გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას", - აცხადებენ ცესკოში.
2010 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ მემორანდუმს ხელმომწერ მხარედ შემოურთდება საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი.