სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა წირვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა, მრევლს დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
დღევანდელ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი მუხლდრეკვის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის. სულთმოფენობის დღესასწაული იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან 50 დღის თავზე აღინიშნება. მწუხრის ლოცვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა.
„წმინდა სამება სამყაროს შემოქმედია და ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობის რომ არ ყოფილიყო, მისი აშენება შეუძლებელი იქნებოდა", - იქადაგა პატრიარქმა.
პატრიარქმა 8 გვარიც დალოცა. ესენია: ძიძიშვილები, ბეკოშვილები, გლუნჩაძეები, რეხვიაშვილები, ჯინჭარაძეები, გიგიაძეები, ინწკირველები და თეთრაძეები. პატრიარქმა, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა დეკანოზ ზურაბ ხაჩიძეს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური სამყარო დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს.