სომხეთის ეკლესიის დელეგაციის წევრებმა და ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ავლაბარში სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიასთან მდებარე კულტურული ცენტრი "ჰაიარტუნი" გახსნეს. კულტურული ცენტრის გახსნა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის საქართველოშო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
გახსნის ცერემონიას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერევნის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოში სომეხთა კულტურული ცენტრი "ჰაიარტუნი" სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ერის დაახლოებას ისახავს მიზნად.
კულტურული ცენტრის გახსნის შემდეგ, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა.
სომხეთის ეკლესიის დელეგაცია 6-დღიანი ვიზიტით საქართველოს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომეხთა კათალიკოსი უკვე შეხვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.