საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარდგა შეხვედრის მონაწილეთა წინაშე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში შიდსთან მიმართებაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასთან გამკლავებაც უხდება ქვეყანას. მან აღნიშნა, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ შიდსთან ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე, რაც სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო დახმარების ერთიანი ძალისხმევის შედეგია. საქართველო დღემდე რჩება ერთადერთ ქვეყანად რეგიონში, სადაც უზრუნველყოფილია აივ/შიდ-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვისაც.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიესალმა რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას კონფლიქტურ რეგიონებში აივ/შიდს-თან ბრძოლის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელდეს შიდს-ის ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის პირობებში.
წერეთელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად 2008 წლის ომისა და საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველო შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში მაინც ახერხებს შიდსთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებას, თუმცა საერთაშორისო დახმარების გარეშე ამ ეპიდემიის შეჩერება და საბოლოო დამარცხება რთული იქნება.
"შიდსის 30-წლიანმა პრობლემამ დაგვანახა, რომ ძლიერი პოლიტიკური ნების და ეფექტური მართვის გარეშე ვერ შევძლებთ მივაღწიოთ მიზანს. ამ ბრძოლაში კიდევ უფრო გავძლიერდით და უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რათა ბოლო მოვუღოთ ამ ეპიდემიას, დავიცვათ მომავალი თაობები და გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე", - განაცხადა წერეთელმა.
ვიზიტის ფარგლებში წერეთელი საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ასევე შეხვდება გაეროს სხვადასხვა სააგენტოის ხელმძღვანელებს, სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებს, რათა მოხდეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ინიციატივების დაგეგმვა.
გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც 8-10 ივნისს მონაწილეობს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებში. ამ უმაღლესი დონის შეხვედრას ესწრება 150 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 30-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორი. შეხვედრის მიზანია შიდსთან 30-წლიანი ბრძოლის შედეგების, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და ასევე მომავალი სამოქმედო სტრატეგიების დასახვა. დღეისათვის მსოფლიოში შიდსით დაავადებულია 33 მილიონი ადამიანი და ყოველდღიურად 7000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.