უზენაესი სასამართლო პოლიტპატიმრების შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ სამართალებრივ ანალიზს არაკომპეტენტურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ე.წ. სამართლებრივი ანალიზი ნათელი მაგალითია იმ ადამიანების არაკომპეტენტურობისა, რომლებმაც ჩაატარეს აღნიშნული „კვლევა". როგორც სამართლებრივი ანალიზიდან ირკვევა, ყველა ის პირი (რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი თუ „კარვების ქალაქის" ბინადარი, როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწოდებს მათ), ვინც ცნობილ იქნა დამნაშავედ ან ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად, ფაქტობრივად უდანაშაულოა ან არ უნდა მოხდეს მათი მსჯავრდება, რადგან ისინი „პოლიტიკოსებს" წარმოადგენენ, მაშინ, როდესაც ისინი მსჯავრდებულებები არიან სხვადასხვა კატეგორიისა და სახის დანაშაულების გამო. მაგალითად, თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (2010 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (განზრახ მკვლელობის მცდელობა მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით), ეს მაინც „პოლიტიკური ბრალდების სანიმუშო მაგალითია", რადგან მსჯავრდებული პირი რომელიღაც პოლიტიკური მოძრაობის წევრს წარმოადგენს. ანდა, თუ რომელიმე მოძრაობის წარმომადგენელი მსჯავრდებული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით), ეს თურმე ამ საქმეს ავტომატურად პოლიტიკურ შეფერილობას აძლევს", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოუწოდებს ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს, თავი შეიკავონ ისეთი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო მოქმედებებისაგან, რამაც შეიძლება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში სამართლებრივი ნიჰილიზმის დანერგვა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა სამართლებრივი ანალიზი იმ პირთა შესახებ, რომლებიც საია-ს შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ განხილულია რამდენიმე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე, რის შედეგადაც ორგანიზაცია ასკვნის, რომ მათ მიერ განხილული საქმეები პოლიტიკურ ბრალდებათა სანიმუშო მაგალითია.