მთავრობას საშუალება მიეცემა საერთაშორისო საწარმოს კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლება მისცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის სამთავრობო საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს, საერთაშორისო საწარმოსთვის სტატუსის გაუქმების გარეშე, კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლების მიზანშეწინილობის თაობაზე.
მთავრობა უფლებამოსილია, საერთაშორისო საწარმოს მისცეს კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლება, საერთაშორისო სტატუსის გაუქმების გარეშე, დააწესოს ტარიფი და განსაზღვროს მისი ოდენობა.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შექმნილი საწარმოსთვის, თიზ-ი წარმოადგენს მხოლოდ თავისუფალ საწყობს და მასზე გავრცელდება თავისუფალ საწყობში საწარმოს ფუნქციონირებისთვის საგადასახადო ნორმებით დადგენილი ნორმები.
თიზ-ში ნებადართული ხდება აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, წარმოება, რეალიზაცია.
საერთაშორისო საწარმო, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისთვის, საქონლის მიწოდებით მიღებული მოგების დაბეგვრის მიზნებისთვის, ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავლიდან ხარჯებს გამოქვითავს, ერთობლივ შემოსავალში ამ შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
აღნიშნული კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.