თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოში ექსტრემიზმს ნელ-ნელა დასაყრდენი ეცლება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გუშინ, ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო მზარდი და დემოკრატიული ქვეყანაა და ეს ყველაფერი დუღილის პროცესშია. ყველა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ექსტერმიზმსა და ტერორიზმისკენ მიდრეკილებებს საქართველოს საზოგადოებაში ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს. ექსტრემიზმს ნელ-ნელა დასაყრდენი ეცლება. ჩვენ ნელ-ნელა საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ როგორი იქნება კანონიერი მანიფესტაცია", - განმარტა უგულავამ.
მისივე თქმით, 26 მაისის აქციაში არალეგიტიმური მხოლოდ ის არ იყო, რომ „სახალხო კრებას" მისი ჩატარების ნებართვა აღარ ჰქონდა.
„ყველას ჰგონია, რომ კანონდარღვევა მხოლოდ მანიფესტაციის ვადის დარღვევაა. თუმცა, კანონი მანიფესტანტებს მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს - გზის გადაკეტვა არ შეიძლება მაშინ, როდესაც ხალხის რაოდენობის შედეგად ამის საჭიროება არ არის და ა.შ. როცა ღამე თუნდაც 500 ადამიანი რჩება აქციაზე, გზის გადაკეტვა საჭირო არ არის, ეს კანონდარღვევაა. ასევე ორგანიზატორებს ევალებათ, ყურადღება მიაქციონ და არ დაუშვან შეკრებების დროს ალკოჰოლის გამოყენება. თუ ეს მოხდა, სამართალდამცველების ვალდებულებაა, ასეთს ხელი მოჰკიდოს და წაიყვანონ და ვინც ამას შეეწინააღმდეგება, ისიც თან მიაყოლოს. დაუშვებელია აქციაზე ბლაგვი საგნების, ცივი იარაღების, აალებადი და ნებისმიერი ნავთოპროდუქტის მიტანაც. ამ ქმედებების პრევენცია ხშირად არ ხდება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.