ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა - ასე აფასებენ დოკუმენტს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
ქართული მხარე მიესალმება ევროკავშირის მხრიდან რუსეთისადმი მოწოდებას, რომ შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს.
"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დეოკუპაციის პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს პარტინიორებთან ერთად. ასეთი რეზოლუციების მიღებით გვეძლევა რუსეთზე ზემოქმედების ძალზედ მნიშვნელოვანი ბერკეტი, იმდენად, რამდენადაც დღევანდელი რუსეთი გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული ევროკავშირზე, ვიდრე ევროკავშირი არის დამოკიდებული რუსეთზე. შესაბამისად, რუსეთის ინტერესებში არის ის, რომ მან შეასრულოს ეს რეზოლუცია და ამ რეზოლუციაში ასახული ყველა დებულება, რომელიც ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ კრიტიკულია თვითონ რუსეთის შიგნით არსებული მდგომარეობის მიმართ", - აცხადებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.