დღეს, 10 ივნისს, 12:00 საათზე, გერმანიის საელჩო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სტიპენდიის პროგრამის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებას „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)" აწყობს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ღონისძიების დროს საელჩოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფორმაციას პროგრამის მიზნებისა და 2012 წლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას.
2012 წლის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიის საელჩოში განაცხადების შეტანის ვადა 2011 წლის 30 ივნისს იწურება.
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად აძლევს მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ 100 ახალგაზრდას 21 სხვადასხვა ქვეყნიდან იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნოს გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
სტიპენდიატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში და მონაწილეობა მიიღონ უამარავ ღონისძიებასა და შემეცნებით ექსკურსიაში. გერმანიის ბუნდესტაგი "საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის" პროგრამას 1986 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია, აამაღლოს ახალგაზრდობის ინტერესი დემოკრატიისა და საზოგადოებისადმი, შესძინოს მას მეტი გამბედაობა და გაუღვიძოს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების დემოკრატიული განვითარების პროცესებში. IPS არის გრძელვადიანი ინვესტიცია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების და ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის საქმეში.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მგზავრობის, ბინის, კვების, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს.
დაინტერესებულ პირებს, „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის" პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მირება შეუძლიათ ვებგვერდზე - www.bundestag.de/ips.