ხვალ, 10 ივნისს, ქართველ მოქანდაკეს, ფერმწერსა და გრაფიკოსს, მერაბ ბერძენიშვილს 82 წელი უსრულდება.
საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი 1929 წლის 10 ივნისს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში.
ბერძენიშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი").
ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებს წიგნებს, ქმნის დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.